საპენსიო სააგენტო: საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა ჯერჯერობით ინვესტირებისთვის საკმარისი არ არის | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

საპენსიო სააგენტო: საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა ჯერჯერობით ინვესტირებისთვის საკმარისი არ არის

საპენსიო სააგენტო: საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა ჯერჯერობით ინვესტირებისთვის საკმარისი არ არის
Business News Social News

ბოლო მონაცემებით, საპენსიო დანაზოგის სახით, 36 მილიონი ლარია მობილიზებული. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დეკლარაციების დახურვის შემდეგ თანხის მოცულობა 40-45 მლნ ლარამდე გაიზრდება.

„საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა ამ ეტაპზე ნომინალურ ანგარიშებზე ინახება. იმისთვის, რომ საპენსიო ფონდში არსებული თანხის ინვესტირება მოხდეს, საჭიროა შეიქმნას საინვესტიციო საბჭო და ასევე ფონდში აკუმულირდეს საკმარისი თანხა დივერსიფიცირებულ, დაბალი რისკის მქონე პორტფელებში ინვესტირებისთვის,“ — აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, კონკრეტულად არაა განსაზღვრული, რამდენი თანხა უნდა იყოს ფონდში, რომ ინვესტირება განხორციელდეს, თუმცა ამ ეტაპზე საპენსიო ფონდში არსებული თანხა ინვესტირებისთვის საკმარისი არ არის.

„კომერსანტის“ კითხვაზე – როდის შეიქმნება საპენსიო საბჭო? — სააგენტოში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საბჭო მაქსიმუმ ორი თვის ვადაში ჩამოყალიბდება.

„საინვესტიციო საბჭო უახლოეს ორ თვეში დაკომპლექტდება და სწორედ ის განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიას. საინვესტიციო საბჭოს წევრები კონკურსის წესით შეირჩევა და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება. საბჭო მაღალკვალიფიციური, შესაბამისი გამოცდილებისა და განათლების მქონე კადრებით დაკომპლექტდება, მათი ანაზღაურებაც შესაბამისად მაღალი იქნება, ამიტომ სანამ გარკვეული მოცულობის საინვესტიციო თანხა არ აკუმულირდება, სააგენტო ხარჯს ვერ გაწევს ამ მიმართულებით,“ — განაცხადეს საპენსიო სააგენტოში.

საპენსიო სააგენტოში უახლოეს 2 წელიწადში მილიარდ ნახევარი ლარის, ხოლო 6 წელიწადში 5 მილიარდ ლარამდე საპენსიო დანაზოგის აკუმულირებას ელოდებიან. კანონით განსაზღვრულია, რომ საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ვერ მოხდება პროექტებში და ინვესტირება მხოლოდ დაბალი რისკის შემცველ ფასიან ქაღალდებში შეიძლება.

1 იანვრიდან 2%-იანი საპენსიო შენატანის გადახდა ყველა დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს დაევალა. დასაქმებული, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სქემიდან გასვლას შეძლებს. ამ შემთხვევაში მას, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს განხორციელებული საპენსიო შენატანები სრულად დაუბრუნდებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked