რეზი მახალდიანი რაჭიდან – 100 წამი მთის ამბებზე | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

რეზი მახალდიანი რაჭიდან – 100 წამი მთის ამბებზე

რეზი მახალდიანი რაჭიდან – 100 წამი მთის ამბებზე
Business News

რეზი მახალდიანი რაჭიდან – 100 წამი მთის ამბებზე

რეზი მახალდიანი 9 წლისაა. ზემო რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში ცხოვრობს. რეზი ქვედის დაწყებითი სკოლის ერთადერთი მოსწავლეა. მარტო, მესამე კლასიდან დარჩა. მისი მეგობარი და თანაკლასელი შოთიკო, მშობლებმა თბილისში გადაიყვანეს.

„დასვენებებზე ვთამაშობდით დახუჭობანას, გასწრობანას. მერე მასწავლებელი ზარს დარეკავდა, დაგვიძახებდა. კლასშიც მარტო არ ვიყავი.

სხვა ბავშვები რომ იყვნენ, გავხალისდებოდი, დაფასთანაც მარტო გასვლა აღარ მომიწევდა, გავეჯიბრებოდით ერთმანეთს და უკეთ ვისწავლიდი“.

განათლების სამინისტროს ქვედში დაწყებითი სკოლა რომ არ შეენარჩუნებინა, სოფლიდან რეზიც უკვე წასული იქნებოდა. მეოთხე კლასს წელს ამთავრებს – სწავლა ან სოფელ პიპილეთის სკოლაში უნდა გააგრძელოს, რომელიც ქვედიდან 10 კილომეტრშია და ზამთარში გზაც ხშირად იკეტება, ან ოჯახი საცხოვრებლად ონში უნდა გადავიდეს, სადაც სახლი არ აქვთ.

შეზღუდული ხელმისაწვდომობა სასკოლო და სკოლამდელ განათლებაზე მთავარი მიზეზია უმუშევრობასთან და სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, რის გამოც ზემო რაჭა მოსახლეობისგან ყველაზე მეტად დაიცალა. ონის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში 10-ზე ნაკლები ადამიანიღა ცხოვრობს, 4 სოფელი უკვე ნასოფლარია, 46 სოფელში კი 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან.

რეზი თავისუფალ დროს ფილმებს უყურებს, რომელსაც იუთუბიდან იწერს. ზემო რაჭის სოფლებში არც ინტერნეტია, იშვიათი გამონაკლისის გარდა და იქაც მობილურ ინტერნეტს ხარვეზები აქვს, გარდა იმისა, რომ ძვირია.

„სკოლაში სწავლა რომ დავიწყე, პატარა კომპიუტერი მომცეს, ის მაქვს და იქ ვუყურებ, როგორც შეუძლია. დედა მონოს მიყიდის და ისე ვრთავთ ხოლმე ინტერნეტს, მაგრამ მალე მთავრდება.

მინდა, რომ ქვედშიც იყოს Wi-Fi ინტერნეტი. ბევრ რაღაცაში მჭირდება. თამაშების და ფილმების გადმოწერაც გამიადვილდებოდა. აქაც გააკეთონ რა“.

ქვედის დაწყებითი სკოლის ერთადერთი მოსწავლე სპორტსმენობაზე ოცნებობს, კარატე აინტერესებს, თუმცა ზემო რაჭის სოფლებში სპორტული წრეები არ არსებობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked