ზექიე დავითაძე – 105 წლის თვითნასწავლი ბებიაქალი მთიანი აჭარიდან | Georgia Business Finder
Radius: Off
Radius:
km Set radius for geolocation
Search

ზექიე დავითაძე – 105 წლის თვითნასწავლი ბებიაქალი მთიანი აჭარიდან

ზექიე დავითაძე – 105 წლის თვითნასწავლი ბებიაქალი მთიანი აჭარიდან
Social News

ბებო, შენი ამბები მუუყე, რაფერ ცხოვრობდით და რას აკეთებდით.

– ტვინები დაღალული მაქ. მეთიშება, ვეღარ ვლაპარიკობ. პაწაი (პატარა) ხომ აღარ ვარ, ადამის ხნისა ვარ!

ზექიე ბებო თავიდან ჩაწერაზე არ გვთანხმდება და გვეუბნება – „აფერი აღარ მახსოვს“, მაგრამ როგორც კი ძველ ამბებს ვახსენებთ, კამერას ივიწყებს, ჭრელ კაბას მუხლებზე ისწორებს და გვიყვება – რა გამოიარა, რამდენ ხელმწიფეს მოესწრო, როდის უჭირდა და როდის ულხინდა.

სოფელში შაქარი, ზეთი და საპონი არ იშოვებოდა. ყოველ რვა დღეში ერთხელ ერთ-ერთ თანასოფლელს საჭირო პროდუქტი აჰქონდა და ყიდდა. ვისაც „უჩერედი“ არ მოუწევდა, ორი არჩევანი ჰქონდა – ან რვადღიანი ლოდინი, ან სახლში დამზადებული საპონი. ნაცარს, წყალსა და ქონს ერთად მოადუღებდნენ, გააცივებდნენ და საპნად იყენებდნენ.

„სამაგიეროდ, მაშინდელი ფარა (ფული) ფარობდა, 9-10 ლარით ქვეყნის რაცხას იყიდდი. ახლა ასი ლარი რომ წეიღო, ვეფერ ვერ იყიდი“. მაინც ეს დრო ურჩევნია, როცა ყველაფერი იშოვება.

იმისთვის, რომ შაქარი და სხვა აუცილებელი პროდუქტი შეეძინათ, რძის ნაწარმს ქალაქში ყიდდნენ და ფულს ასე გამოიმუშავებდნენ. მაშინ ქალაქში მხოლოდ კაცები დადიოდნენ, ცხენით ან ფეხით.

„ჩემ ბაღნობაში (ბავშვობაში) არც პური ფქვილი იყო, არც ზეთი, არც შაქარი, არც საპონი. ახლა გაზენგინებული (გამდიდრებული) არიან. ჩვენ სიფუხრეში (გაჭირვებაში) ვცხოვრობდით. ახლა კაი დროა, რიზღიანი (იღბლიანი) ხართ, ჩვენ ურიზღო ვიყავით და არ გვქონდა. რაცხა პაწა ყართობას (კარტოფილი) მოვხეკევდით, ფქვილ დავაყრიდით და იმა ვჭამდით“.

ზექიე დავითაძე ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომში დაიბადა. 13 წლის ასაკში უცნობმა ბიჭმა მოიტაცა. იძულებით დარჩა. სამი წელი იცხოვრა და მაინც უკან დაბრუნდა. მალევე გაათხოვეს შუახევის რაიონის მაღალმთიან სოფელ ნაღვარევში. მისთვის არც ამჯერად უკითხავთ. გადაწყვეტილება მშობლებმა მიიღეს.

„რომ შეხდებით ახლა და ეს გვინდა, ის გვინდა, ამფერი დრო არ იყო.

დედ-მამა ვერ გაგათხუებთ, თქვენებურა ეთხუებით. კაც ვინ დაგანახვებდა, ვინცხას მიგცემდენ, ის იყო შენი.

ამ სოფლიდან დედა მყავდა და ვიარებოდი. დიმინახეს, ამომირჩიეს და გამომათხოვეს. თექსმეტი წლის ვიყავ, რომ გავთხოვდი. ჩემი ქმარი უფროსი იყო. პატარა ქორწილი გვქონდა. 9-10 კაცი და 5-6 ქალი იყო. მუსიკა და ცეკვა გვქონდა. მაგერ რომ არი ახლა გადაღება-გადმოღება, მაგფერი არ იყო“.

სოფლის ცხოვრება ბევრ გარჯას მოითხოვდა. სწავლის დრო არ ჰქონდათ. მაშინ სკოლა ოთხკლასიანი იყო. სწავლის გაგრძელება ფუფუნებას უდრიდა.

„გაჭირვება იყო, ფარა გინდოდა, ჰად იყო მაგის საშუალება, რომ წავსულიყავით და გვესწავლა. 4 კლასი რომ დავამთავრე, პაწაი ვიყავ, რა ვიცოდი, მინდოდა სწავლა თუ არა. ბარსამი (ბევრი) რამე გინდა, მარა ყველას ვერ ხდები შენაც“

რომ არ ყავს, იმასაც ვუწამლებ და ეყოლება. რომ მშობიარობს, იმასაც დევეხმარები. რამდენჯერ ზამთარში ამოვდენ, დიდი თოვლი მოვდა, დეემწყრენ (ჩაიკეტნენ) ქალები, მე დევეხმარე მშობიარობაში“.

მის ხელში ასი ბავშვი გაჩნდა. ამაყობს, რომ არცერთი მშობიარე და ჩვილი არც დაუშავებია და მითუმეტეს, არც ხელში ჩაკვდომია. ბებიაქალობა მაზლის ცოლისგან ისწავლა. კარგი სპეციალისტი იყო და მეც „გამომასპეციალისტაო“. თავადაც ასწავლიდა ყველას, ვისაც სურვილი ჰქონდა. მელოგინე ქალებს თავად უვლიდა. თუ დრო ჰქონდა, 7-8 დღით მათთან რჩებოდა. აჭმევდა, ურეცხავდა და მკურნალობდა. თუ ძალიან ეჩქარებოდა, ოჯახის წევრებს დაუბარებდა, როგორ უნდა მოევლოთ და იმასაც უმატებდა – „თუ რაფერც მე გითხარ, ისე არ მუუარ, ცოდვაც თქვენი იყოს“.

მშობიარე ქალის მოვლა დიდი მადლია და გასამრჯელოს არასდროს ვითხოვდიო. ვისაც რა ჰქონდა, იმით უხდიდა მადლობას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked